Google Drive-ის მომსახურების პირობები

ბოლო ცვლილება განხორციელდა 10 დეკემბერი, 2018 ძალაში შესვლის თარიღი: 22 იანვარი, 2019

1. შესავალი

გმადლობთ Google Drive-ის გამოყენებისთვის. Google Drive არის სერვისი, მოწოდებული Google LLC-ს მიერ („Google“, „ჩვენ“), რომელიც მდებარეობს მისამართზე: 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View California 94043, USA. თუ თქვენ ცხოვრობთ ევროპის ეკონომიკურ ზონაში ან შვეიცარიაში, Google Drive მოწოდებულია Google Ireland Limited-ის მიერ („Google“, „ჩვენ“), კომპანიის, რომელიც შექმნილი და მოქმედია ირლანდიის კანონმდებლობის საფუძველზე (რეგისტრაციის ნომერი: 368047) და მდებარეობს მისამართზე: Gordon House, Barrow Street, Dublin 4, Ireland. Google Drive-ის წინამდებარე მომსახურების პირობები („პირობები“) ფარავს თქვენ მიერ Google Drive-ის გამოყენებას და მასზე წვდომას, ისევე, როგორც Google Drive-ში თქვენი კონტენტის გამოყენებასა და მასზე წვდომას. ჩვენი კონფიდენციალურობის დებულება განმარტავს, როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას, ხოლო პროგრამის დებულებები გაგაცნობთ თქვენს ძირითად ვალდებულებებს ჩვენი სერვისის გამოყენებისას.

თქვენ მიერ Google Drive-ის გამოსაყენებლად საჭიროა, დაეთანხმოთ წინამდებარე პირობებს. გთხოვთ, წაიკითხოთ ყურადღებით. თუ ეს პირობები არ გესმით ან მათ ნაწილს არ ეთანხმებით, არ უნდა გამოიყენოთ Google Drive.

2. Google Drive-ის თქვენ მიერ გამოყენება

ასაკობრივი შეზღუდვები. Google Drive-ის გამოსაყენებლად 13 წლის ან მეტის უნდა იყოთ. თუ ხართ 13 წლის ან მეტის, მაგრამ ხართ 18 წლამდე ასაკის, Google Drive-ის გამოსაყენებლად და წინამდებარე პირობების მისაღებად საჭიროა, გქონდეთ თქვენი მშობლის ან კანონიერი მეურვის ნებართვა.

პირადი გამოყენება. წინამდებარე პირობების მიღებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ არ გამოიყენებთ Google Drive-ს ბიზნეს მიზნებით; Drive-ის სერვისი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ პირადი არაკომერციული მიზნებისთვის. ბიზნესებისთვის რეკომენდებულია, გამოიყენონ GSuite.

თქვენი Google ანგარიში. Google Drive-ის გამოსაყენებლად Google ანგარიში დაგჭირდებათ. Google ანგარიშის დასაცავად კონფიდენციალურად შეინახეთ თქვენი პაროლი. თქვენს Google ანგარიშში ან მისი მეშვეობით შესრულებულ აქტივობებზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ეცადეთ, არ გამოიყენოთ თქვენი Google ანგარიშის პაროლი მესამე მხარის აპლიკაციებზე. თუ შეიტყობთ თქვენი პაროლის ან Google ანგარიშის ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენების შესახებ, მიჰყევით შემდეგ მითითებებს.

თქვენი ქცევა. ნუ გამოიყენებთ არასათანადოდ Google Drive-ს. Google Drive-ის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ კანონით ნებადართული წესით, მათ შორის, ექსპორტისა და რეექსპორტის მართვის მოქმედი კანონებითა და რეგულაციებით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს ქცევაზე და Google Drive-ში შენახულ თქვენს კონტენტზე და ვალდებული ხართ, დაიცვათ ჩვენი პროგრამის წესები. ჩვენ შეიძლება განვიხილოთ, რამდენად შეესაბამება თქვენი ქცევა და კონტენტი Google Drive-ში წინამდებარე პირობებსა და ჩვენი პროგრამის წესებს.

Google Drive ხელმისაწვდომია მობილურ მოწყობილობებზე. არ გამოიყენოთ Google Drive ისე, რომ ამან გამოიწვიოს თქვენი ყურადღების გაფანტვა ან ხელი შეგიშალოთ საგზაო მოძრაობის ან უსაფრთხოების კანონების დაცვაში.

თქვენი კონტენტი. Google Drive გაძლევთ უფლებას, ატვირთოთ, გადაგზავნოთ, შეინახოთ, გაგზავნოთ და მიიღოთ კონტენტი. თქვენ ინარჩუნებთ მფლობელობას ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ უფლებაზე, რომლებიც გაგაჩნიათ შესაბამის კონტენტზე. მოკლედ, რაც თქვენ გეკუთვნით, თქვენი დარჩება.

როდესაც ატვირთავთ, წარადგენთ, შეინახავთ, გაგზავნით ან მიიღებთ კონტენტს Google Drive-ში ან მისი საშუალებით, თქვენ აძლევთ Google-ს საერთაშორისო ლიცენზიას გამოიყენოს, დადოს საკვანძო კომპიუტერზე, შეინახოს, გაამრავლოს, ცვლილებები შეიტანოს, შექმნას წარმოებული სამუშაოები (როგორიც მიიღება თარგმნის, ადაპტირების ან სხვა ცვლილებების შედეგად, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რათა თქვენი კონტენტი უკეთ თავსებადი გახდეს ჩვენ სერვისებთან), გამოიყენოს კომუნიკაციაში, გამოაქვეყნოს, საჯაროდ წარმოადგინოს, საჯაროდ აჩვენოს და გაავრცელოს ასეთი კონტენტი. უფლებები, რომლებსაც გვანიჭებთ ამ ლიცენზიაში, ემსახურება შემდეგ შეზღუდულ მიზნებს: მუშაობას, რეკლამირებას, ჩვენი სერვისების გაუმჯობესებას და ახლების განვითარებას. ეს ლიცენზია გრძელდება მაშინაც კი, თუ თქვენ შეწყვეტთ ჩვენი სერვისების გამოყენებას, თუ თქვენს კონტენტს არ წაშლით. დარწმუნდით, რომ გაქვთ საჭირო უფლებები, მოგვანიჭოთ აღნიშნული ლიცენზია ნებისმიერ კონტენტზე, რომელსაც Google Drive-ში გზავნით.

Google Drive-ის გაზიარების პარამეტრები გაძლევთ საშუალებას, გაუწიოთ კონტროლი, თუ როგორ გამოიყენონ თქვენი კონტენტი სხვებმა Google Drive-ში. ნაგულისხმევად, თქვენ აკონტროლებთ იმ მთელ კონტენტს, რომელსაც ქმნით ან ატვირთავთ Google Drive-ში. შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი კონტენტი და გადასცეთ თქვენი კონტენტის მმართველობა სხვა მომხმარებლებს.

ჩვენი ავტომატიზირებული სისტემები აანალიზებს თქვენს კონტენტს, რათა მოგაწოდოთ პროდუქტების პირადად თქვენთვის შესაბამისი ფუნქციები, მაგალითად, მორგებული ძიების შედეგები, სპამისა და მავნე პროგრამების აღმოჩენა. ეს ანალიზი სრულდება, როდესაც კონტენტი მიიღება, გაზიარდება და აიტვირთება, ასევე, მისი შენახვისას. დამატებითი ინფორმაცია, თუ როგორ იყენებს და ინახავს Google თქვენს კონტენტს, იხილეთ ჩვენს კონფიდენციალურობის დებულებაში. თუ Google Drive-ის შესახებ გამოხმაურებას ან წინადადებებს გამოგვიგზავნით, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი გამოხმაურება ან წინადადება თქვენ მიმართ ვალდებულების გარეშე.

განცხადებები. თქვენ მიერ Google Drive-ის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ სერვისის განცხადებები, ადმინისტრაციული შეტყობინებები და სხვა ინფორმაცია. შეგიძლიათ უარი განაცხადოთ აღნიშნული კომუნიკაციის ნაწილზე.

ჩვენი Google Drive სერვისები. Google Drive-ის გამოყენება არ განიჭებთ მფლობელობას ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე Google Drive-ში ან კონტენტში, რომელზეც წვდომა გაქვთ. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ კონტენტი Google Drive-იდან მისი მფლობელისგან ნებართვის მიღების ან სხვა კანონიერი ნებართვის გარეშე. წინამდებარე პირობები არ განიჭებთ უფლებას, გამოიყენოთ Google Drive-ში გამოყენებული რომელიმე ბრენდული ნიშანი ან ლოგო. არ წაშალოთ, დაფაროთ ან შეცვალოთ სამართლებრივი შენიშვნები, ნაჩვენები Google Drive-ში ან მასთან ერთად.

3. კონფიდენციალურობის დაცვა

Google-ის კონფიდენციალურობის დებულებაში ახსნილია, თუ როგორ ვეპყრობით თქვენს პირად მონაცემებს და როგორ ვიცავთ თქვენს კონფიდენციალურობას, როდესაც Google Drive-ს იყენებთ. Google Drive-ის გამოყენებით თქვენ თანახმა ხართ, რომ Google-მა შეიძლება გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები ჩვენი კონფიდენციალურობის დებულებების შესაბამისად.

4. საავტორო უფლებების დაცვა

ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ შეტყობინებების პასუხად ჩვენ შევწყვეტთ განმეორებით დამრღვევების ანგარიშების მოქმედებას აშშ-ს ციფრული ათასწლეულის საავტორო უფლებების აქტიდან გამომდინარე პროცესების შესაბამისად.

ჩვენ ვთავაზობთ ინფორმაციას საავტორო უფლებების მფლობელებს მათი ინტელექტუალური საკუთრების ონლაინ მართვაში დასახმარებლად. თუ ფიქრობთ, რომ ვინმემ დაარღვია თქვენი საავტორო უფლებები და გსურთ, ამის შესახებ გვაცნობოთ, შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია შეტყობინებების გამოგზავნის და Google-ის მხრიდან შეტყობინებებზე პასუხის წესების შესახებ ჩვენს დახმარების ცენტრში.

5. პროგრამის დებულებები

ჩვენ შეიძლება გადავხედოთ კონტენტს, რათა განვსაზღვროთ, არაკანონიერია ის ან არღვევს თუ არა ის პროგრამის წესებს და შეიძლება წავშალოთ ან უარი ვთქვათ იმ კონტენტის ჩვენებაზე, რომელიც, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ არღვევს ჩვენს წესებს ან კანონს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ კონტენტს. გთხოვთ, არ ჩათვალოთ, ჩვენ განვიხილავთ კონტენტს.

6. ჩვენს სერვისებში პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ

კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფა. Google Drive შეიცავს კლიენტის ჩამოსატვირთ პროგრამულ უზრუნველყოფას („პროგრამული უზრუნველყოფა“). ეს პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება ავტომატურად განახლდეს თქვენს მოწყობილობაზე, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება ახალი ვერსია ან ფუნქცია. Google განიჭებთ პერსონალურ, მსოფლიოში მოქმედ, საავტორო ჰონორარის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფალ, არაგადაცემად და არაექსკლუზიურ ლიცენზიას, რომ გამოიყენოთ Google-ის მიერ თქვენთვის მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა Google Drive-ის ნაწილად. აღნიშნული ლიცენზიის ერთადერთი მიზანია გამოიყენოთ და ისიამოვნოთ Google Drive-ის უპირატესობა, როგორც ის მოწოდებულია Google-ის მიერ, წინამდებარე პირობებით ნებადართული სახით. თქვენ არ გაქვთ უფლება, დააკოპიროთ, შეცვალოთ, გაავრცელოთ, გაყიდოთ ან ლიზინგით გასცეთ Google Drive-ის რაიმე ნაწილი ან დართული პროგრამული უზრუნველყოფა, ან მოახდინოთ პროგრამული კოდის უკუინჟინირება ან ამ პროგრამის საწყისი კოდის ამოღების მცდელობა, თუ კანონმდებლობა არ კრძალავს ასეთ შეზღუდვებს ან თქვენ გაქვთ ჩვენი წერილობითი ნებართვა.

ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა. ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ზოგიერთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც Google Drive-ში გამოიყენება, შეიძლება შემოთავაზებული იყოს თქვენთვის ღია კოდის ლიცენზიის საფუძველზე, რაც მას ხელმისაწვდომს გახდის თქვენთვის. ღია კოდის ლიცენზიაში შეიძლება იყოს დებულებები, რომლებიც ცალსახად უგულებელყოფს ზოგიერთ წინამდებარე პირობას.

7. Google Drive-ის შეცვლა და შეწყვეტა

ცვლილებები Google Drive-ში. ჩვენ მუდმივად ვცვლით და ვაუმჯობესებთ Google Drive-ს. შეიძლება განვახორციელოთ მუშაობის ან უსაფრთხოების გაუმჯობესება, შევცვალოთ ფუნქციონალობები ან ფუნქციები, ან შევასრულოთ ცვლილებები კანონმდებლობის შესაბამისად ან ჩვენს სისტემაში არაკანონიერი აქტივობების ან მისი არასათანადო გამოყენების თავიდან ასაცილებლად. Google Drive-ის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გამოწერა აქ შეგიძლიათ. ჩვენ გაცნობებთ Google Drive-ის არსებითი ცვლილებების შესახებ, რომლებიც, ჩვენი გონივრული შეხედულებისამებრ, უარყოფითად იმოქმედებს Google Drive-ის თქვენ მიერ გამოყენებაზე. აღნიშნულის მიუხედავად, ზოგჯერ შესაძლოა Google Drive-ში ცვლილებების განხორციელება თქვენთვის შეტყობინების გარეშე მოგვიწიოს. ეს შეეხება შეზღუდულ შემთხვევებს, როგორიცაა: სერვისის უსაფრთხოებისა და მოქმედუნარიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობა, არასათანადო გამოყენების თავიდან აცილება ან სამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროება.

შეჩერება და შეწყვეტა. Google Drive-ის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ. ჩვენ შეგვიძლია შეგიჩეროთ ან სამუდამოდ გაგითიშოთ Google Drive-ზე წვდომა, თუ თქვენ არსებითად ან განმეორებით დაარღვევთ ჩვენს პირობებს ან ჩვენი პროგრამის წესებს. Google Drive-ზე თქვენი წვდომის შეჩერების ან გათიშვის შესახებ შეგატყობინებთ წინასწარ. თუმცა შეგვიძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეგიცეროთ ან გაგითიშოთ Google Drive-ზე წვდომა, თუ Google Drive-ის თქვენ მიერ გამოყენებამ შეიძლება წარმოშვას ჩვენი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ან შეაფერხოს სხვა მომხმარებლები, წვდომა იქონიონ და გამოიყენონ Google Drive.

Google Drive-ის შეწყვეტა. თუ გადავწყვეტთ, შევწყვიტოთ Google Drive, მინიმუმ 60 დღით ადრე შეგატყობინებთ. ამ პერიოდში გექნებათ საშუალება, ამოიღოთ Google Drive-იდან თქვენი ყველა ფაილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფაილები თქვენ გეკუთვნით და ამ ფაილებზე თქვენთვის წვდომის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. თქვენი ფაილების ჩამოტვირთვის ინსტრუქციისთვის გთხოვთ, იხილოთ ჩვენი მხარდაჭერის გვერდი.

8. დამატებითი მეხსიერების შეძენა და გადახდა

უფასო მეხსიერება. Google გამოსაყენებლად გაძლევთ Google-ის ონლაინ უფასო მეხსიერების 15 გბაიტს (რაც განპირობებულია თქვენი მხრიდან წინამდებარე პირობებზე დათანხმებით), რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Drive-ში, Gmail-სა და Google Photos-ში.

დამატებითი მეხსიერების შეძენა. საჭიროების მიხედვით დამატებითი მეხსიერებაც („ფასიანი მეხსიერების სატარიფო გეგმა“) შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩვენ ავტომატურად წარგიდგენთ ანგარიშს იმ თარიღიდან, როდესაც ფასიანი მეხსიერების სატარიფო გეგმაზე გადაერთვებით და სერვისის ვადის ყოველი პერიოდული განახლებისას მის გაუქმებამდე. ფასიანი მეხსიერების სატარიფო გეგმის შესაძენად უნდა დაეთანხმოთ გადახდის პირობებს, მითითებულს Google Payments-ს მომსახურების პირობებში. თუ Google Payment ანგარიში არ გაქვთ, შეგიძლიათ დააყენოთ ამ ბმულზე გადასვლით, სადაც Google Payments-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებასაც შეძლებთ. Payments-ის მომსახურების პირობები და კონფიდენციაურობის განცხადება იმოქმედებს ყოველ ჯერზე, როდესაც ფასიანი მეხსიერების სატარიფო გეგმის შეძენას Google Payments ანგარიშის გამოყენებით მოისურვებთ. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ნებისმიერ შეძენამდე ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ პირობებს.

გაუქმება. თქვენი ფასიანი მეხსიერების სატარიფო გეგმა ძალაში დარჩება გაუქმებამდე, ძველ ვერსიაზე დაბრუნებამდე ან წინამდებარე პირობების საფუძველზე შეჩერებამდე. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ ან ძველ ვერსიაზე დააბრუნოთ ფასიანი მეხსიერების სატარიფო გეგმა თქვენი Google Drive-ის მეხსიერების პარამეტრებიდან. გაუქმება ან ძველ ვერსიაზე დაბრუნება გავრცელდება ბილინგის მომდევნო პერიოდზე, სერვისის მიმდინარე ვადის ამოწურვის შემდეგ. ფასიანი მეხსიერების სატარიფო გეგმის საფასურის დროზე გადაუხდელობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, გადავიყვანოთ თქვენი ანგარიში ძველ ვერსიაზე და შეგიმციროთ მეხსიერება სივრცის დონეების გასათავისუფლებლად. თქვენი ფასიანი მეხსიერების სატარიფო გეგმის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების წესები განმარტებულია ჩვენს შეძენის, გაუქმებისა და თანხის დაბრუნების წესებში.

გეგმისა და ფასების ცვლილებები. ჩვენ შეიძლება შევცვალოთ მეხსიერების მოქმედი სატარიფო გეგმა და ფასი, თუმცა ამ ცვლილებების შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ. აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდება თქვენი მიმდინარე სერვისის ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც შეტყობინების შემდეგ შემდეგი გადახდა მოგიწევთ. ფასის გაზრდის ან მეხსიერების გეგმის შემცირების შესახებ მინიმუმ 30 დღის ადრე შეგატყობინებთ მანამ, სანამ თანხა ჩამოგეჭრებათ. თუ წინასწარი 30 დღის ვადაზე გვიან შეგატყობინებთ, ცვლილება არ განხორციელდება შემდეგი გადახდის მომდევნო გადახდამდე. თუ განახლებული მეხსიერების გეგმით ან ფასით გაგრძელება არ გსურთ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ ან გადახვიდეთ ფასიანი მეხსიერების სატარიფო გეგმის ძველ ვერსიაზე Google Drive-ის მეხსიერების პარამეტრებიდან. გაუქმება ან ძველ ვერსიაზე დაბრუნება ამოქმედდება ბილინგის შემდეგ პერიოდში სერვისის იმდინარე ვადის შემდეგ; თქვენი ფაილები ხელმისაწვდომი დარჩება თქვენთვის, ან მოგცემთ საშუალებას, ამოიღოთ ისინი Google Drive-იდან.

9. ჩვენი გარანტიები და პასუხისმგებლობის უარყოფა

Google Drive-ს უზრუნველვყოფთ საკმაო ძალისხმევითა და უნარებით და ვიმედოვნებთ, რომ სიამოვნებით იყენებთ Google Drive-ს. თუმცა, არის გარკვეული საკითხები, რასაც ვერ შეგპირდებით Google Drive-ში. თუ ცალსახად არ არის მითითებული, ჩვენ არ ვიღებთ კონკრეტული ფუნქციონალობის ხელმისაწვდომობის ვალდებულებას Google Drive-ზე, მის სანდოობაზე, ხელმისაწვდომობაზე ან თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე.

10. პასუხისმგებლობა Google Drive-ზე

Google და მისი მომწოდებლები და გამავრცელებლები არ არიან პასუხისმგებელი შემდეგზე:

(ა) დანაკარგი, რომელიც არ იყო გამოწვეული ჩვენი მხრიდან პირობების დარღვევით;

(ბ) ნებისმიერი დანაკარგი ან დაზიანება (თქვენთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის პერიოდში), რომელიც არ ყოფილა Google-ის მხრიდან ამ წესების დარღვევის გონივრულად პროგნოზირებადი შედეგი; ან

(გ) დანაკარგი, დაკავშირებული თქვენს ნებისმიერ ბიზნესთან, მათ შორის: მოგების, შემოსავლის, შესაძლებლობების ან მონაცემების დანაკარგი.

Google-ის და მისი მომწოდებლების და გამავრცელებლების საერთო პასუხისმგებლობა, ამ პირობებიდან გამომდინარე რაიმე პრეტენზიაზე, მათ შორის ნებისმიერი გარანტიის, შემოიფარგლება თქვენ მიერ ჩვენთვის ამ სერვისისთვის გადახდილი თანხის ოდენობით (ან, თუ პრეტენზია ეხება უფასო სერვისს, სერვისის კვლავ მოწოდებით).

ამ პირობებში არაფერი განიზრახავს, გამორიცხოს ან შეზღუდოს Google-ის და მისი მომწოდებლების და გამავრცელებლების პასუხისმგებლობა სიკვდილზე ან პირად დაზიანებაზე, თაღლითობაზე, თაღლითურად არასწორ წარმოდგენაზე ან რაიმე პასუხისგებაზე, რომელიც არ შეიძლება გამოირიცხოს კანონით.

11. პირობების მარეგულირებელი კანონმდებლობა.

თუ თქვენ ცხოვრობთ ევროპული ეკონომიკური ზონის ან შვეიცარიის ფარგლებს გარეთ, ამ პირობებთან ან Google Drive-თან დაკავშირებით წამოჭრილი ყოველგვარი დავა დარეგულირდება კალიფორნიის (აშშ) კანონებით, კალიფორნიის კოლიზიური სამართლის წესების გარდა. Google Drive-ის წინამდებარე პირობებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ყველა საჩივარი ექსკლუზიურად, სანტა კლარას საგრაფოს (კალიფორნია, აშშ) ფედერალურ ან სახელმწიფო სასამართლოში განიხილება და თქვენ და Google თანახმა ხართ, დაექვემდებაროთ აღნიშნული სასამართლოების პერსონალურ იურისდიქციას.

თუ თქვენ ცხოვრობთ ევროპული ეკონომიკური ზონის ან შვეიცარიის ფარგლებს გარეთ, ამ პირობებთან ან Google Drive-თან დაკავშირებით წამოჭრილი ყოველგვარი დავა დარეგულირდება თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის კანონმდებლობითა და სასამართლოთი და თქვენ შეგიძლიათ სამართალწარმოება თქვენს ადგილობრივ სასამართლოებში.დავები შეიძლება გაიგზავნოს ონლაინ გარჩევისთვის ევროპული კომისიის დავების ონლაინ გადაჭრის პლატფორმაზე.

12. წინამდებარე პირობების შესახებ

ჩვენ შეიძლება შევცვალოთ წინამდებარე პირობები და ნებისმიერი დამატებითი პირობა, რომელიც ვრცელდება Google Drive-ზე, მაგალითად: იმისათვის, რომ აისახოს ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა Google Drive-ში ან სამართლებრივ, სტანდარტულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ წესებში; კანონმდებლების ან შესაბამისი ინდუსტრიული ორგანიზაციების მიერ გაცემული მითითებების პასუხად; იმისათვის, რომ Google-მა თავისი ვალდებულებების შესრულება შეძლოს. თქვენ რეგულარულად უნდა შეამოწმოთ წინამდებარე პირობები. პირობების ცვლილებების შესახებ წინასწარ შეტყობინებებს ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ. დამატებითი პირობების ცვლილებების შესახებ წინასწარ განცხადებას გამოვაქვეყნებთ („დამატებითი პირობები“) Google Drive-ში და მოგაწვდით წინასწარ შეტყობინებას წინამდებარე პირობების არსებითი ცვლილებების შესახებ. ცვლილებები არ ამოქმედდება წარსული თარიღით და ძალაში შევა არაუადრეს 14 დღისა, მას შემდეგ რაც გამოქვეყნდება ან გეცნობებათ. მიუხედავად ამისა, ცვლილებები, რომლებიც შეეხება ახალ ფუნქციებს („ახალი სერვისები“) ან სამართლებრივი მიზეზებით განხორციელებული ცვლილებები დაუყოვნებლივ შევა ძალაში. თუ არ ეთანხმებით ახალი სერვისის შეცვლილ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ამ ახალი სერვისი გამოყენება (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „შეწყვეტა“ ზემოთ).

თუ თავი იჩინა კონფლიქტმა ამ პირობებსა და დამატებით პირობებს შორის, კონფლიქტს გააკონტროლებს დამატებითი პირობები.

ურთიერთობა Google-სა და თქვენ შორის ექვემდებარება წინამდებარე პირობებს. ეს პირობები არ ქმნის ბენეფიციარი მესამე მხარის უფლებებს.

თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ ამ პირობებს და ჩვენ არ ვიღებთ ზომებს თქვენს ქმედებებზე დაუყოვნებლივ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს რომელიმე უფლებაზე (მაგ. ზომების მიღება მომავალში).

თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე პირობა არ არის უზრუნველყოფილი, ეს არ აისახება სხვა პირობებზე.

Google-თან დაკავშირების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს საკონტაქტო გვერდს.